“საავტორო უფლებების დასაცავად მთავრობამ წესრიგი უნდა დაამყაროს. მას ამისთვის ყველა ბერკეტი გააჩნია – კანონმდებლობაც მის ხელშია და ადმინისტრირებაც”, – განაცხადა გამოცემა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.
მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი დისკუსია გაიმართა, ათი წელი გავიდა, მთავრობა შეიცვალა, თუმცა ეს სფერო ჯერ კიდევ ვერ მოწესრიგდა. მისივე თქმით, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.
“მე ხელოვანი კაცი ვარ და იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი. ხელისუფლებას კი კომპეტენციაც გააჩნია და, თუ პოლიტიკური ნება იქნება, სფეროს მოწესრიგება უპრობლემოდ შეიძლება.
ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ავტორები სახელმწიფოსგან? – ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება იქნას დაცული; გამჭვირვალედ და სამართლიანად მოხდეს საავტორო ჰონორარების აღრიცხვა და განაწილება. ნუთუ, ასე რთულია ამის გაკეთება? ჩვენ, ხელოვანებმა ჩვენი მისია ამოვწურეთ, არაერთხელ ვამხილეთ და გამოვააშკარავეთ რამდენი პრობლემაა ამ სფეროში, შევქმენით ჯანსაღი ალტერნატივა „GERA-ს“ სახით. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა”, – აღნიშნა ევგენიძემ.