„წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, – ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022-ზე“ სიტყვით გამოსვლისას.
“ყველას მოლოდინი იყო, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ყველას კარგად ესმის, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით – ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომში იმყოფება ქვეყანა, ასევე, მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს – მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს, მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას“, – განაცხადა პრემიერმა.