„2022 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4%-ით გაიზარდა და 47.5 მილიარდი ლარი შეადგინა“, – მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.8%-ით მეტია.

„2022 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 61.7% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.5% – საშუალოზე, ხოლო 21.8% – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9%, საშუალოზე – 23.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.1%.

2022 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.6%-ით მეტი) შეადგინა.

2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5% ქალია, ხოლო 57.5% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% – საშუალოზე, ხოლო 35.3% – მცირე ბიზნესზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში< დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით მეტი).

„2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 174.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი. 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.5% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.6%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5%-იანი წილით, მშენებლობა – 6.3%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.2%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.5%-იანი წილით, ხოლო 9.5% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.7%) და ვაჭრობა (19.4%), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.1%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.5%-იანი წილი უჭირავს.

2022 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 27.9, 12.7 და 10.1%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.5%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.2%) დარგის საწარმოებზეც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი – 76.6%; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.4%; ქვემო ქართლი – 4.4%; იმერეთი – 4.2%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.1%. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ასევე ლიდერობს თბილისი – 63.6%ით, შემდეგ მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.0%; ქვემო ქართლი – 6.8%; იმერეთი – 7.0%; მცხეთა-მთიანეთი – 3.1%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0%.

რაც შეეხება დასაქმებულებს, მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.1%; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.1%; იმერეთი – 7.0%; ქვემო ქართლი – 5.7%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4%.

გაზიარება