„საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის.

მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება – მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით“, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასეთი ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია.

„2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა დაიწყო, დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მლნ-ზე ცოტა მეტი იყო. 2022 წელთან შედარებით კი, მომავალი წლის ბიუჯეტი 326 მლნ ლარით მეტია. გარდა ამისა, მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით, ჯამურად, 166 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 515 მლნ ლარი გამოიყოფა, გარემოს დაცვის მიმართულებით – 200 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით – 500 მლნ ლარი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის“ – 39 მლნ ლარი. ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამაგრების პროგრამა კვლავ გრძელდება. ასევე, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023-2024 წლებში 18-მეტრიანი – ავტობუსების შემოყვანა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს წერეთლის გამზირის, რამდენიმე ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება.

გაზიარება