„სამწუხაროდ, მოცემულობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია, სახელმწიფოებრიობის არანაირ აღქმას არ მოიცავს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ანტისახელმწიფოებრივი, ჯაშუშობითა და შპიონაჟით სავსე წერილი, რომელიც ამ ადამიანებმა გააგზავნეს ბრიუსელში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი – 2-ის” ეთერში.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, 30 ვერცხლად გაყიდონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან; ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ქვეყანამ დამოუკიდებლად, სუვერენულად იარსებოს. ითხოვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას, რაღაც გაუგებარი მისიების გამოგზავნას, არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებას.
თქვენ მოისმინეთ, ქალბატონი სოფო [ჯაფარიძე] ამბობდა, – არჩევნები გაყალბებულიაო, და არგუმენტს რას ამბობდა? – არგუმენტი იყო: “ყველა ამას ამბობს”. არ გახსენდებათ კიდევ ერთი მსგავსი არგუმენტი, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში იყო მსჯელობა, პრეზიდენტის წარმომადგენელი რას ამბობდა არგუმენტად? რომ ვეკითხებოდით, – რატომ არის გამჭვირვალობის კანონი ცუდი, გვპასუხობდა: “იმიტომ”. ეს „იმიტომ“ და „ყველა ამას ამბობს“… როდესაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ოპოზიციას, როდესაც რადიკალიზმის ჭაობში არიან გადავარდნილები და სურთ, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიონ და ამისთვის არაფერს ერიდებიან, საზოგადოების მხრიდანაც პასუხი არის ყოველთვის ერთი და იგივე. საზოგადოება რადიკალებს არ ენდობა. ესენი არიან დამნაშავეები, ჯაშუშები, რეალური დანაშაულის ჩამდენები საკუთარი ქვეყნის წინაშე და აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის: ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ახალმა”, “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის”, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.