„ისინი თუ ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაცმოძრაობის“ კუთვნილება-არკუთვნილებასთან მიმართებით, მე შემიძლია ვუთხრა, რომ მათ რაც დაწერეს და გაიფორმეს თავიანთი წერილით ევროპისა და ევროპელების მიმართ, ისინი არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. „ნაცებს“ მათ ვეძახით ზოგადად. „ნაცი“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„თუ აინტერესებთ, რატომ „ნაცები“ – იმიტომ რომ, მაგალითად, გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვს მათთან; იმიტომ, რომ, გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არდაკავების გამო გადადგა; იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ რეკეტიორი იყო. ეს – „ნაცმოძრაობასთან კორელაციას რაც შეეხება, მაგრამ გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე თქვენგანს, გულში რომ ჩაიხედოთ, გაქვთ იმის ილუზია, რომ ამას შეძლებდა ვინმე? იფიქრებდით რამდენიმე წლის წინ, გაიფიქრებდით საერთოდ, რომ ეროვნებით ქართველი, ან ზოგადად, საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში წერილს, „დანოსს“ (რაც მათ ქნეს, „დანოსი“ ჰქვია) გააგზავნიდა, – დაგვსაჯეთ, ძალიან გთხოვთო?! ძალიან გთხოვთ, სანქციები დაგვიწესეთ; ძალიან გთხოვთ, რაღაც ბერკეტი გამოიყენეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები და ეს ქვეყანა დაისაჯოსო, წარმოგედგინათ?! აქამდეც მივედით. ჯაშუშობა სხვა რა არის?! შეიძლება, ჩვენ ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება. რატომ არ იჭერთ, ჯაშუშები თუ არიანო, – სოციალურ ქსელში გვწერენ ხოლმე. შესაძლოა, ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება – “მე ვიქნები ჯაშუში გახარია”, – გახარია ან ვინმე სხვა რომ აწერს ხელს. მაგრამ მეტი მტკიცებულება რა შექმნან?! ადამიანები ითხოვენ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დასჯას. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში უკვე ვეღარ იარსებებს. სხვა შეიძლება იყოს ის, თუ როგორ აბარებს, მათ ენაზე რომ ვთქვათ, როგორც „დანოსს“ ვამბობთ, ისე – „დაკლადს“ თავის ვიღაც პატრონს; მაშინ ეს უნდა დაიდოს. უფრო მყარი, ერთადერთი, შეიძლება ეს იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.