ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – IBTM World 2024-ზეა წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს.

IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. საქართველოს სტენდთან მიმდინარებს პრეზენტაციები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, გამოფენას კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასტუმროები და ტურისტული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები ესწრებიან. მხოლოდ საკონვენციო ბიუროსთან 120-მდე შეხვედრა, ხოლო კერძო სექტორის თითო წარმომადგენელთან, დაახლოებით, 60 შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს მიმართულებაზე და ინტერესი დიდია. მრავალი დაინტერესებული პირი მოდის ჩვენთან, ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს ტურიზმის მიმართულებას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ.

IBTM World 2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.