უნგრეთის მთავრობამ პოლონეთის ოპოზიციონერ დეპუტატსა და იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მარჩინ რომანოვსკის პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა დაადასტურა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილება.
„მან მოითხოვა და მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი როგორც უნგრეთის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. რომანოვსკი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის იმუნიტეტი ჰქონდა. პოლონეთის სასამართლოების მიერ უკანონოდ გამოცხადებული ეს დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამართლიანი მოპყრობისა და პოლიტიკური მიკერძოების არარსებობის შესახებ პოლონეთის სასამართლო პროცესებში“, – აღნიშნა გულიაშმა.
მარჩინ რომანოვსკი 2024 წლის ივლისში დააკავეს, „სამართლიანობის ფონდში“ თანხების შესაძლო ბოროტად გამოყენების გამოძიების ფარგლებში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „პოლონეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის პრინციპების მიმართ მტრულ აქტად მიიჩნევს“.