პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე, მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ და არ მოქმედებს კონსტიტუცია. ასე რომ, მისი ეს განცხადება, არ მგონია, ვინმემ სერიოზულად მიიღოს. მას, ალბათ, მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები და ყველანაირად ცდილობს, ამ მიმართულებით წარმართოს პროცესები.
თუმცა, რა თქმა უნდა, მას არაფერი გამოუვა – ამაში სრულად ვარ დარწმუნებული.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას, არღვევს კანონს და ურჩევნია, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.