„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, უკან წაიღოს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება, რადგან იგი პირდაპირი მუქარაა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ალბათ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მოუხმობს გონიერებას და დაემორჩილება კანონს, არის მხოლოდ და მხოლოდ მოწოდება, რომ პრეზიდენტმა ბოლო დღეებში მაინც სცეს პატივი კონსტიტუციას. ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა, რაც ასევე აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიტომ, რომ რაც უნდა ვისაუბროთ მის აგენტობაზე, მის მიერ უცხოური დავალებების შესრულებაზე, დე იურე ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.