„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის – კარლ ბილდტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

„რუბრიკიდან – “და აი, ისიც”. რატომ გამახსენდა – იმიტომ, რომ შემახსენა თავი პრინციპიდან: “არ შემეხო და არ შეგეხები”. მაშ ასე, სალომე “ბგაბგო” ზურაბიშვილი თუ მიხეილ ყაველაშვილი? – ეკითხება კარლ ბილდტი ევროპას…

უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარკამპანიაში, კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიის ანგარიშზე, საქართველოდან 18 მილიონი დოლარის ოდენობის, სულ მცირე, 14 გადარიცხვა განხორციელდა (ზურაბ ნოღაიდელის ხელმოწერილ დოკუმენტაციას სააკაშვილმა გრიფი “საიდუმლო” დაადო).

საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ – კარლ ბილდტი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.

აი, რას ვიგებთ მასზე მისსავე სამშობლოში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: ის მულტიმილიონერი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია “ლოკჰიდ მარტინთან” თანამშრომლობის პერიოდში – როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები იქნა შესრულებული. შემდეგ მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც, ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი, კომპანია “ლუდინ ოილთან” ერთად, ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს.

ბიზნესში საქმიანობამდე, 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ – ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარკომპანია “Kreab-ის“ შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია. ამის გამო მას სამშობლოში “პოლიტიკური კორუფციონერი” და “ტეფლონის კარლი” უწოდეს – იმ შედარების ნიშნად, რომ ის ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა – ცხიმს.

პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. ეს არის ყველაფერი, რაც ამ პოლიტიკური “მეძავისა” და მისი “მიუკერძოებლობის” შესახებ უნდა ვიცოდეთ. როგორც ჩანს, სცენაზე ამ პოლიტიკური “ჰარამხანის” ყველა “ვიპ როსკიპი” იქნება გამოყვანილი“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.