უკრაინული გამოცემა “UKRAINSKA PRAVDA” “The Insider-ის” გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები აგრძელებენ დასავლეთში ვაჭრობას ექსპორტის სახით, რაც მათ დიდ მოგებას აძლევს. ისინი გვერდს უვლიან სანქციებს იმ ხვრელის მეშვეობით, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ ევროკავშირის ბაზრებზე იმ პირობით, თუ კომპანიებში სანქცირებული პირების წილი 50%-ზე ნაკლებია.
“The Insider-ის” მოხსენება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შოულობს რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ოდიოზური ოლიგარქი, მათ შორის გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი და ოლეგ დერიპასკა, მილიარდებს ევროპასთან ვაჭრობის შედეგად. „UKRAINSKA PRAVDA“ წერს, რომ თუ ოლიგარქი სანქცირებულია, ეს შეზღუდვა მის აქტივებზე ავტომატურად არ ვრცელდება. საქმიანობა იზღუდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაში სანქცირებული ინდივიდის ერთობლივი წილი 50%-ს აღწევს – ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სანქცირებული თანამფლობელის საერთო წილი შეადგენს აქციების ნახევარს.
აქედან გამომდინარე, არაერთი ოლიგარქი სანქციებს მათი წილის შემცირებით არიდებს თავს. მაგალითად, ოლეგ დერიპასკამ შეამცირა თავისი წილი “En+-სა” და “Rusal-ში”. ამჟამად დერიპასკა აკონტროლებს “En+-ის” 35%-ს, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ალუმინის გიგანტის – “Rusal-ის” თითქმის 57%-ს. დერიპასკას ქონება 2022-2024 წლებში 50%-ზე მეტით გაიზარდა და, „Forbes-ის“ მიხედვით, ახლა 2,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ვიქტორ ვექსელბერგმა, “Rusal-ის” სიდიდით მეორე აქციონერმა, ასევე თავიდან აიცილა ევროკავშირის სანქციებით დაწესებული შეზღუდვები და შეუფერხებლად განაგრძობს ბიზნესის კეთებას ევროპაში.
გარდა ამისა, „UKRAINSKA PRAVDA-ს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვიქტორ ვექსელბერგის კომპანიები მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენებული რაკეტების წარმოებაში.
რუსი ოლიგარქების მიერ სანქციების გვერდის ავლის კიდევ ერთი გზაა აქციების გადაცემა კომპანიის მენეჯერებზე (გამოსყიდვის ოფციით), ოჯახის წევრებზე ან მათ კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა პირებზე. ეს არის სტრატეგია, რომელსაც იყენებს ალიშერ უსმანოვი – ოლიგარქი, რომელიც განსაკუთრბეით დაახლოებულია დიმიტრი მედვედევთან. უსმანოვმა თავისი წილი “USM Holdings-ში” 49%-მდე შეამცირა, რამაც ამ ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებს ოპერაციების გაგრძელების საშუალება მისცა. მას შემდეგ, რაც უსმანოვს ევროკავშირის მიერ სანქციები დაუწესა, “USM-მა” შეძლო გამოეცხადებინა, რომ ეს სანქციები გავლენას არ მოახდენდა ჯგუფში შემავალ კომპანიებზე. ალიშერ უსმანოვის ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანია “Metalloinvest” მადნის უმსხვილესი მწარმოებელია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და პროდუქციის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. “Metalloinvest-ში” უსმანოვის ბიზნესპარტნიორია ანდრეი სკოჩი – სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი “ერთიანი რუსეთის პარტიიდან”. ის ასევე სანქცირებულია, მაგრამ ბიზნესი დარეგისტრირებულია მისი მამის – ვლადიმერისა და ქალიშვილის – ვარვარას სახელზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროკავშირის შეზღუდვებს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უსმანოვისა და სკოჩების ოჯახის ქონება 13,4 მილიარდ და 6,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ერთად აღებული ორი წლის განმავლობაში, ისინი თითქმის 4 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ.
ევროპასთან ვაჭრობით სარგებელს იღებენ ანდრეი გურიევი – “ერთიანი რუსეთის პარტიის“ კიდევ ერთი წევრი და მისი პარტნიორი ვლადიმერ ლიტვინენკო, რომელმაც, სავარაუდოდ, დაწერა პუტინის დისერტაცია, როდესაც ის მისი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იყო. გურიევების ოჯახი ფლობს 48,5%-ს “ფოსაგროში“ (რუსეთში ფოსფატური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელი). ლიტვინენკომ 2022 წელს “ფოსაგროს“ აქციების 20%-ზე მეტი მეუღლე ტატიანას გადასცა. არც ტატიანა და არც ლიტვინენკო არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფოსაგროს“ შეუძლია, თავისუფლად გაიტანოს პროდუქცია ევროპაში. ლიტვინენკოს ქონება 2022 წლიდან გაორმაგდა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ანდრეი მელნიჩენკოს კომპანია “EuroChem” ასევე ახორციელებს სასუქების ექსპორტს ევროპაში. მელნიჩენკომ კომპანიაში თავისი წილი სანქციების დაწესების შემდეგ შეამცირა.
ევროპასთან ვაჭრობით სარგებლის მიღებას განაგრძობს რომან აბრამოვიჩიც. მან თავისი წილი 28,64%-მდე შეამცირა კომპანია “Evraz-ში” – ლითონებისა და სამთო მსხვილ კომპანიაში, რომელიც ექსპორტს საფრანგეთსა და ჩეხეთში ახორციელებს. აბრამოვიჩი ასევე არის “Norilsk Nickel-ის” მინორიტარი აქციონერი. მისი მთავარი მფლობელი – ვლადიმერ პოტანინი არ არის სანქცირებული, რაც საშუალებას აძლევს “Norilsk Nickel-ს”, არა მხოლოდ განაგრძოს თავისი პროდუქციის ექსპორტი, არამედ ფლობდეს საწარმოო ობიექტებს ევროპაში.
გენადი ტიმჩენკო, იგივე „პუტინის საფულე“, ფლობს აქციებს “Novatek-სა” (23,49%) და “Sibur-ში” (17%), როგორც მილიარდერ ლეონიდ მიხელსონის უმცროსი პარტნიორი. მიხელსონი, ამ კომპანიების ძირითადი მფლობელი, არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, საიდანაც ტიმჩენკო სარგებლობს, ევროპის ბაზარზე შეუზღუდავად რჩებიან.