„არავის აქვს იმის ილუზია, რომ საერთო, დადგმულ ისტერიაში ვინმე იდეებიდან გამომდინარეა ჩართული. რა თქმა უნდა, ეს ტიპური ფარისევლობაა, – მშიშარა ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს ითბობენ და ბიზნესს აწყობენ რუსეთთან ვაჭრობით და შემდეგ გამოდიან მედიით და ლაპარაკობენ, თითქოსდა, საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს და ა.შ. მეორე – ეს არის შედეგი იმ დაანონსებული ძალადობისა, რასაც ვხედავთ “ნაცმოძრაობის” მხრიდან და მათი რუპორებიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენ ვნახეთ, “ბი ემ ჯი” და ბატონი ისაკაძე არის ამაში განსაკუთრებულად ჩართული. შეგახსენებთ: ბატონმა ისაკაძემ აღიარა, რომ ის ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში “ნაციონალური მოძრაობის” დროს. ეს ადამიანი, დღეს, ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი კათედრიდან გვესაუბრება. ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე, ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული – შეგახსენებთ ბანკ “ქართუს” საქმეს, სადაც მან, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თაღლითურად, ყალბი ჩვენებით, ვითომდა, რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს, ადეიშვილს, გილაურს ჰქონდათ შექმნილი, ნიკა გილაურის სქემით, ცდილობდნენ ბანკი “ქართუს” გაკოტრებას – ეს ადამიანი, გიორგი ისაკაძე, ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი, დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებგვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის.

რა არის ეს, თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან; ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან. ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში, ამ სტუდიებში შეკრება და ეს ვებგვერდები იმას ემსახურება (და ამიტომაც არის შერჩეული ბატონი გიორგი ისაკაძე როგორც სახე ბიზნესის რეკეტისა), რომ შეუთვალონ, თუკი რამე მოხდა, ზუსტად ისეთივე რამ დაემართება ამ ბიზნესებს, რაც მათ დამართა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიორგი ისაკაძის, ნიკა გილაურისა და სხვა ოდიოზური ფიგურების მონაწილეობით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.