„წარმავალი მომავალს აუჯანყდა – ასეც შეიძლება განვიხილოთ მაკრონის “თავდასხმა” ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წარმომადგენელზე. თუმცა, მსოფლიოს სიბრძნემ ამ თემაზე კიდევ არაერთი გამონათქვამი შემოგვინახა: “გაუჩინარებულ ქარავანს უყეფდა”, “მომაკვდავი ლომის კბენა”, “სახლი რომ ჩაიწვება, ბოლთან ბრძოლას აზრი არა აქვს”, “ღვიძლის დაშლას “ბორჯომი” აღარ შველის” და ა.შ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

„ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ რეაქციულ საერთაშორისო მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის, გერმანიაში, ვინ წარმოიდგენდა ამას? ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ილონ მასკზე, საფრანგეთის ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას.

ასეა ბუმერანგის მოქმედების მექანიზმი. როდესაც ათეულობით წლების განმავლობაში შენ ერევი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და რეალურ და არა გამოგონილ რეაქციულ ძალებს უჭერ მხარს – შენს “ტყეშიც” ჩნდება ადრე თუ გვიან “რობინ ჰუდი”. მადლობა ემანუელ მაკრონს, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური “ბაბლის” ორმაგი სტანდარტების მეტ-ნაკლებად ზუსტი “ვარგისიანობის ვადა” გააჟღერა – ათი წელი. სინამდვილეში, მეტი იყო “მესიე მაკრონ”, მაგრამ ამ ყველაფერს ვადა რომ ეწურება – ამაში გეთანხმებით“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.