პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხაელ როთმა მორიგი “პოლიტიკური აუდიტი” ჩაუტარა რადიკალურ ოპოზიციას.

მისი სტუმრობა ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აშკარა უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. მან შემსრულებლებს დაუწუნა გამოხატული აგრესიის ხარისხი – დედის გინება, პოლიციელების ცემა, დეპუტატებზე თავდასხმა და ხელისუფლებაში ვერმოსვლა.

იმდენად ეჩქარებათ 20 იანვრამდე ქვეყნის ჩამოშლა, რომ, როგორც ჩანს, მის შემდეგ “ცუდს უგრძნობთ გული”.

არეულ მსოფლიოში იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება პროცესები, რომ მათი “გრძნობები” ლოგიკურია.

საქართველომ პირველი სწორი პოზიციონირება, მშვიდობის სასარგებლოდ, წარმატებით მოახდინა და ომი თავიდან აიცილა. ახლა ის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის უსწრაფესი წინსვლის საფუძველი გახდეს.

ხელისუფლებას ქვეყნის “რადარებიდან გაქრობას” საყვედურობდნენ და საქართველო ამ რადარების ერთ-ერთი მთავარი ანგარიშგასაწევი ქვეყანა ხდება.

მოსახლეობის უმრავლესობა ამას სწორად ხვდება და ამიტომ, არჩევნების გზით, ისევ ტოვებს ხელისუფლებაში იმავე გუნდს და თავადვე იცავს მას“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.