„ეს ჩვენი „პეროვნებები“ რატომ ხარობენ, იცით? ჰგონიათ, რომ ტრამპი, საქართველოს გარდა, სხვა ყველა ქვეყანაში თავის დღის წესრიგს დაამყარებს“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
„დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია შემდეგი განცხადებით დაიწყო – “მე ამერიკა კვლავ უნდა გავხადო დიადი”. ეს განცხადება კი ბევრ რამეზე მიანიშნებს. 2026 წელს ამერიკას, როგორც სახელმწიფოს, 250 წელი უსრულდება. ჩემი აზრით, 4 ივლისს ამერიკაში იქნება გრანდიოზული, აქამდე არნახული დღესასწაული.
ამერიკის სახელმწიფოებრიობის 200 წლისთავი 1976 წელს აღინიშნა. მაშინ ამერიკას ჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მმართველი – ჯერალდ ფორდი. მან რიჩარდ ნიქსონისგან უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, რის გამოც წარმატებას ვერ მიაღწია. სწორედ ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო წილად დონალდ ტრამპს ბაიდენისგან. თუმცა ტრამპი ყველაფერს დაძლევს, – ეს მისი პრინციპის საკითხია.
დავესესხები დავით მაღრაძეს – ეს ჩვენი „პეროვნებები“ რატომ ხარობენ, იცით? მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი, საქართველოს გარდა, სხვა ყველა ქვეყანაში თავის დღის წესრიგს დაამყარებს. საქართველოს ეგზარქოსი და პრეზიდენტი მაინც ჯო უილსონი იქნება, შიდა მოხმარების პრეზიდენტი კი – სალომე ნავანელი, ანუ ჩვენი ზურაბიშვილი. ამაში 100%-ით დარწმუნებულები არიან. ის , რითაც მეთიუ მილერებმა ტვინი წაგვიღეს ყოველ დღე – “გააუქმე ის, შეცვალე ეს, დანიშნე ის და ა.შ.” – წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ჩვენ – ყველანი ველოდებით არა მხოლოდ 20 იანვარს. ჩვენთვის საინტერესოა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინ იქნება დანიშნული ელჩად საქართველოში, და სამხრეთ კავკასიაში – სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორად. მასთან უნდა დავამყაროთ ძალიან კარგი, თბილი, ტრადიციული, კონსერვატიული ურთიერთობები – ისეთი, როგორც ტრამპს და მის გუნდს გაუხარდება. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.