ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციითა და ეროვნული სტენდით წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
OTM 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძემ, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, შეხვედრები გამართა ინდოეთის უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, პლატფორმებთან და მედია ორგანიზაციებთან.
„ინდოეთში, OTM 2025-ის გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ ეროვნული სტენდით. 45 ქართული კომპანია გვყავს ჩამოყვანილი. კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესკავშირებს ამყარებენ ინდოელ კოლეგებთან, რომ ერთობლივი მუშაობით რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ჩვენ სამი დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა გვაქვს, რათა სტუმრებს გავაცნოთ საქართველო“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართეს ინდოეთის ტურისტულ კომპანიებთან.
„მუმბაის გამოფენაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა, კავშირები დაგვემყარებინა ადგილობრივ ტუროპერატორებთან. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა. საქართველოთი ძალიან დაინტერესებულები არიან. ვფიქრობთ, შედეგის მომტანი იქნება, რადგან უკვე ადგილზეც რამდენიმე შეკითხვა აქვთ რეალურ თარიღებთან დაკავშირებით და აინტერესებთ კიდევ სხვადასხვა სახის პროგრამა, ტურებ, რათა რეკლამა გაუწიონ საქართველოს ბაზარს“, – განაცხადა Georgia adventure-ის წარმომადგენელმა ლუკა გორგილაძემ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის ბაზარი, რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარია საქართველოსთვის. ამ გამოფენამ მოგვიტანა ახალი შესაძლებლობები, უფრომეტი კონტაქტი შევიძინეთ. იმედია, სამომავლოდ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ინდოეთიდან საქართველოში“, – ამბობს Silk Hospitality-ის წარმომადგენელი სოფია კორძაძე.
OTM 2025-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.