ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას ოპოზიციური საკრებულო მიზანმიმართულად აფერხებს. კერძოდ, მერია, საკრებულოს ბოიკოტის გამო, ვერ ახერხებს მიმდინარე წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილი ნაშთის – 5 368 300 ლარის 2025 წლის ბიუჯეტში ასახვას. იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხა ასახული არ არის, მერია მთელ რიგ პროექტებს ვერ ახორციელებს. ნაშთის დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო, საკრებულო ვერ იკრიბება და, შესაბამისად, ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. აღნიშნული გარემოების გამო პარალიზებულია მერიის სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც მერიის სრულფასოვან მუშაობას აფერხებს.
საკრებულოს წევრების ქმედებას ზუგდიდის მერი მიზანმიმართულ ხელშეშლად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ამით ზუგდიდის მოსახლეობას აზარალებს.
„უკვე კვირაზე მეტია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, კვორუმის არარსებობის გამო არ ახდენს 2024 წლიდან გარდამავალი ნაშთების 2025 წლის ბიუჯეტში დამტკიცებას, რაც იწვევს სახაზინო საქმიანობის შეფერხებას. ყველა ტრანზაქცია შეჩერებულია, შესაბამისად, მერიის კონტრაქტორებთან აღებული ვალდებულებების გასტუმრება ვერ ხერხდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, საუბარია ასევე სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო და შემსრულებლებთან ანაზღაურება ვერ ირიცხება. ვერ მოხერხდება ვერც კომუნალური გადასახდელების გადახდა.
ერთი შეკითხვა მაქვს საკრებულოს მიმართ, რომლის უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ: ვის უცხადებენ ბოიკოტს – საკუთარ თავს თუ მოსახლეობას? ალბათ, უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ის ტექნიკური პროცედურა, რომელიც მათი უფლებამოსილებაა, განახორციელონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დეტალური განმარტება გააკეთა. ასევე, გავლილია საკრებულოს შესაბამისი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასვლას. შესაბამისად, იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი და არა ვიწროპარტიული ინტერესებით და მიიღონ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნას დაცული“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.
ზუგდიდის მერია საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. ერთადერთი პარტია, რომელიც საკრებულოს სხდომებზე ცხადდება, „ქართული ოცნებაა“. საკრებულოს სხდომებზე გახარიას პარტია ნაწილობრივ არის წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლის“ წევრები სხდომებს არ ესწრებიან. ზუგდიდის საკრებულოში ყველა თანამდებობა სწორედ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული.