თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დიდი კონკურენცია იყო.
გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებულნი არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი ათი წლის განმავლობაში მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ.
ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილებით არ შემოიფარგლება.
რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმები გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.