თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყიფშიძის ქუჩაზე ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია და იგი მთლიანად განახლდება.
“პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, განთავსდება საპარკო ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები, ატრაქციონები. პარკი იქნება განათებული. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები. ყველა ის სამუშაო ჩატარდება, რაც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად მნიშვნელოვანია.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება და წლის ბოლომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება.
მიხარია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
ზოგადად, ბოლო წლებში არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ და ეს თბილისს ეტყობა კიდეც. ისე არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.