ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის –  „ელენე ახვლედიანი – პარიზული პერიოდი“ პრეზენტაცია და დიდი მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

წიგნ-ალბომი, რომელიც ავტორებმა ხათუნა კიკვაძემ და გიორგი ჯანბერიძემ წარადგინეს, ელენე ახვლედიანის პარიზული პერიოდის,  1924 -1927 წლების შემოქმედებას და კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში სწავლისას შექმნილი შიშველი ნატურის – ნიუს ჩანახატებს ეძღვნება.

წიგნ-ალბომის პირველი პრეზენტაცია მიმდინარე წლის 12 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიმართა.

სახლ-მუზეუმში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილია 1924 -1927 წლებში შექმნილი პარიზის ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. გამოიფინა ასევე მხატვრის სახლ-მუზეუმსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ფერწერისა და გრაფიკის ფონდებში დაცული ნამუშევრები.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.