მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ლუკა მაისურაძის, მიხეილ ბახბახაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურიას შემადგენლობით, ფინალში იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრად ლოტოტრონმა -70 კილოგრამში სოფიო სომხიშვილსა და ასია ტავანოს შორის მეტოქეობა აარჩია. შეხვედრა სოფიოს გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი, ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში ავსტრია – ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანიას ანგარიშით 4:0 სძლია.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა. ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ), – მან ფინალში აიუბ ბლიევს სძლია. ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.