“დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს – უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები.
300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით, შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდეგ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება.
აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია.
საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.