ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჯავშნიანი მანქანა მყავდა, დაცვაც მყავდა პირადი. მანქანა დამიზიანეს, რაღაცები გადამიჭრეს და იძულებული ვიყავი, მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჯექი მეუღლის მანქანაზე.
ხაშურისკენ მივდიოდი. ელიავას ბაზრობას როგორც კი გავცდი, ბლოკირება გამიკეთა ორმა შინდისფერმა მანქანამ. უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტა სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი, ავტომატის ჯერი დაცალეს, ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს, უკნიდან და გვერდიდან შუშები ჩამიმტვრიეს. დაცვა გადავიდა. ხელები ასწიეს. იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, იმიტომ, რომ ჩამცხრილავდნენ. მანქანიდან გადმოვედი. ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ ბიჭებს, ერთ-ერთმა მითხრა, – ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო და კონდახი მომარტყა სახეში. ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. ძირს დავვარდი. მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ერთადერთი, რაც შევძელი – სახის ბლოკირება გავიკეთე, რომ დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა. ხელები სულ დაყვლეფილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავიყინე. თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. იარაღი ამოიღეს, ამოცალეს და წავიდნენ.
ავდექი. ვეღარაფერს ვხედავდი. სისხლი მომდიოდა. სამრეცხაო იყო იქვე და გადამიყვანეს. მაშინ დარეკა ჩემმა მეუღლემ და ვუთხარი, – თვითმფრინავი გამომიგზავნე სასწრაფოდ და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ-მეთქი.
თვითმფრინავი 19 საათში ჩამოვიდა, მანამდე მიხაილოვის საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ შეგნებულად, შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რათა სითხით გავსებულიყო ჩემი ფილტვები და გავთიშულიყავი. თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, გაფრენა არ შეიძლებოდა, წყლით მქონდა სავსე ფილტვები, გავსკდებოდი. იქვე, ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია გამიკეთეს და ვილნიუსში გავფრინდით. 3-4 დღეში ოპერაცია გავიკეთე. 7 საათი თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა. ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.