საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო მედიაჰოლდინგ “Conde Nast-თან“ ერთად, ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
“კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები – “Vogue” და “GQ” საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.
“Vogue-სა” და “GQ-ს” ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში გაეცნობიან.
კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია “Vogue-ის” ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა – „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“. სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.
„საქართველოს შეუძლია, იამაყოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით. მისი ხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაა დაფარული.
დათოვლილ მწვერვალებს შორის დაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშია ჩამოკიდებული. ეს სრულიად საკმარისია ლამაზი ბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებისთვის, რომელთა ყურადღებას ასევე იპყრობს უნიკალური გასტრონომია და ღვინის კულტურა. ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანა, რომელიც, 8000-წლოვანი ისტორიით, ღვინის სამყაროს აკვნად მიიჩნევა. აქ თქვენ დააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ან გრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე ლობიანს “, – წერს “Vogue-ის” ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა და ბათუმს აცნობს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.