თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორიის შესახებ იმსჯელა.
კომისიის სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეგაპროექტის განსახორციელებლად განკუთვნილ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება.
ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტადიონის მულტიფუნქციურობა მთელი წლის განმავლობაში სივრცის მაქსიმალურ დატვირთვას უზრუნველყოფს.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფა-ს ექსპერტებთან ერთად მუშავდება.