საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „იმედის“, 40 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საღამო, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, ანსამბლის პედაგოგ-ქორეოგრაფებს, ნუნუ ღვინერიასა და ჯემალ რეხვიაშვილს მიეძღვნა.
ჯემალ რეხვიაშვილს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ კახაბერ მარკოიშვილმა ქართული ქორეოგრაფიის რაინდის წოდება მიანიჭა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეროვნული სასახლის დირექტორმა ნინა ყიფიანმა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა თათა სვანიძემ, ანსამბლს წარმატებით ჩატარებული საღამო მიულოცეს და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა უსურვეს. ჯემალ რეხვიაშვილმა საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.