„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რაც შეეხება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ დეკლარირებით (წარსულში ასეთი ბევრი გვახსოვს – სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები და ა.შ.)… თუმცა, არც ახლა და არც მაშინ არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და, ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემით საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი. რაც უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები; ჩვენ ავეწყობით იმაზე, თუ რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება და, როდესაც დღეს უკვე ელჩი ინიშნება, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, და აქ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები. განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, მთავარია ქმედითი შედეგები და საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.