“როდესაც განცხადება პოზიტიურია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მოქმედება ამ შემთხვევაშიც მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის მშვიდობისათვის – ასე გვჯეროდა და გვინდა, ასე გვჯეროდეს მომავალშიც. საქართველო იბრძოდა NATO-ს სხვადასხვა ქვეყნის ჯარების მხარდამხარ და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
“რამდენიმე წლის წინაც კი, ძალიან გვიხაროდა თითოეული პოზიტიური განცხადება და ძალიან სენსიტიურები ვიყავით თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ. შემდეგ, ქართველმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან იმ განცხადებების ავტორების ინტერესები იმალებოდა – ეს ბუნებრივი ამბავია. საქართველო სხვასთან დაკავშირებით რომ აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არ გვიკვირს არცერთი გერმანელის, ფრანგის, ამერიკელის, ბრიტანელის განცხადება, სადაც უპირატესია მისივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. მაგრამ, ჩვენ გვიკვირს (პრინციპში, აღარც გვიკვირს, მაგრამ ალბათ, ასე უნდა ვთქვათ მაინც) საქართველოს იმ მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვას და არა საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ სამშობლოს. როდესაც განცხადება პოზიტიურია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მოქმედება ამ შემთხვევაშიც მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის მშვიდობისათვის – ასე გვჯეროდა და გვინდა, ასე გვჯეროდეს მომავალშიც.
საქართველო იბრძოდა NATO-ს სხვადასხვა ქვეყნის ჯარების მხარდამხარ და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში. საქართველომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ის ერთგულია ღირებულებების და მშვიდობის უპირატესი ინტერესის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და მერე ვიღაცას მოუნდა, რომ საქართველო ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაში ვიღაცებს არ შევყევით და კრიტიკაც, ძალიან სერიოზული, მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბარი იყო მშვიდობისათვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ. შესაბამისად, ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. განცხადება შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტისა და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.