“ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა ხდებოდა, იდენტიფიცირება ვიღაც პირების, რომ ესენი არიან მტრები, უნდა იყვნენ ლიკვიდირებულები და სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს, მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს, ისევე, როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ისევე, როგორც კოდორის ხეობაში ჩაახშეს თავისუფლებისთვის ლტოლვა – ეს იყო რეალური სურათი”,    განაცხადა გენერალმა კობა კობალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ე.წ. მუხროვანის ამბოხის შესახებ საუბრისას.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კობალაძის ნაამბობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუხროვანშიც, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, მართვის ბერკეტი ჰქონდა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

“შესაბამისად, ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რაც თქვენ ბრძანეთ: რომ აქაც, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, რეალურად, მართვის ბერკეტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ჩვენ ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს. თქვენ ამბობთ, რომ მას ჰყავდა ემისარი, რომელიც მუხროვანიდან მიუტანდა ხოლმე  ამბებს და შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და, რეალურად, მან მართა პროცესები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის კითხვაზე – “ამ დროს, სად არის თავდაცვის მინისტრი?” – კობალაძემ უპასუხა: “სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო”.