2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, ხაიშის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია ანსიანმა ისაუბრა.

„წყალტუბოს გზატკეცილისკენ უნდა ჩამეხვია, შემეშალა და, დაახლოებით, 100 მეტრით გავცდი. როცა მივხვდი, რომ ავცდი გზას, გავაჩერე. ზაურ ცინდელიანი იჯდა ჩემ გვერდით და ჰკითხა, – წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ უნდა გავბრუნებულიყავით. სანამ კითხვას დასვამდა და პასუხს გასცემდნენ, უკვე სამი ახალგაზრდა მომადგა, მეკითხებიან, – რა გვარის ხარო. ვუპასუხე, – ანსიანი-მეთქი. ჩემ გვერდით ზის ზაური, ზაურის უკან ის გოგო ზის. ჩემ უკან დავით ცინდელიანი იჯდა. პირდაპირ ეუბნებიან, – შენ გადმოდიო. მე ვიფიქრე, ნარკოტიკზე ხომ არ ამოწმებენ-მეთქი; არც მიფიქრია, რომ ასეთი შემთხვევა იყო მოსალოდნელი. პირდაპირ წაიყვანეს მანქანისკენ. შავი მაისურები და შარვლები ეცვათ, სპორტული აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით ახალგაზრდები… არაფერი უჩვენებიათ. რომ ვუთხარი, – სად მიგყავთ, ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებულები-მეთქი, ყველაფერი ვიცით და ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოგვყევითო. ვჯდები მანქანაში და… მანქანის გასაღები ამოუცლიათ. იქვე ჩასახვევი იყო. ეს ბანკის წინ ხდება, იქვე კამერებიც არის, მაგრამ ორჯერ ვიყავით ჩამოსული და კამერების ჩანაწერი არავინ გვაჩვენა“, – განაცხადა გია ანსიანმა.