„მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად, 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ; იყო პირდაპირი მოწოდებები, მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, – ვგულისხმობ 2022-2024 წლებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი და, საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვასახელებ გვარებს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და, როდესაც ასეთ პირობებში ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა, უფრო უხეში შეფასებები გამომივიდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



