“ვერაფრით დაგეთანხმებით, რომ რუსთაველის მოედანზე დგანან ადამიანები, რომელთაც ქვეყანა უყვართ. რაც არ უნდა მწარე შეფასება იყოს ეს იმ საზოგადოების მისამართით. არცერთ ადამიანს არავის დაჭერა არ უხარია, მაგრამ როდესაც დღეს თქვენ მანიპულირებთ იმით რომ თურმე დაიჭირეს 71 წლის ქალბატონი, 20 წლის პოეტი, ინჟინერი, ექიმი, დევნილი, ან კიდევ ჯანმრთელობა შერყეული მოქალაქე, ეს არ არის სწორი კლასიფიკაცია”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“ქვეყანაში არსებობს კანონი. კანონს ვინც არ დაემორჩილება, ის ჩვენ რანგობრივად არ უნდა შევაფასოთ. ის უნდა შევაფასოთ იმ კანონის დამრღვევად , რა დარღვევასაც ის ქალბატონი, ბატონი თუ ახალგაზრდა სჩადის.
გახსოვთ, ჩამოსული იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე და თვითონ გავიდა, თვითონ გადაკეტა ქუჩა, მან მოუწოდა, მან მისცა მაგალითი და აი, ესაა მათი დამოკიდებულება. ეს არის ევროპული უკუსვლა ზუსტად მათ მიერ ზურგგამაგრებული ახალგარდების ქმედებები.
გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეცდომაშია შესული”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.



