„შემთხვევითი არ არის, რომ ევრობიუროკრატიაში რაც ხდება, სინამდვილეში, ევროპაში დემოკრატიის უკუსვლაა. იმედია, ევროპაში გამოჩნდება ის ნათელი წერტილი, რასაც ევროპული ღირებულებები ჰქვია, იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არასდროს ყოფილა და არც ახლაა ლგბტ პროპაგანდა. ევროპული ღირებულებები არასდროს ყოფილა და არც დღეს არის გაუმჭვირვალედ სხვა ქვეყნებში ფულის ხარჯვა ისე, რომ იქ უკანონო რევოლუციები მოაწყო”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
“შორს რომ არ წავიდეთ, რასაც ერთი წლის წინ, „ხალხის ძალა“ ამბობდა და შემდეგ ხელისუფლებამაც შეძლო, სიმართლე ეთქვა საზოგადოებისათვის, ყველაფერი დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და შემდეგ – პრეზიდენტად გახდომისას, როცა მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირ ამხილა ის ხალხი, ვინც უკანონოდ, გაუმჭვირვალედ ურიცხავდა თანხას “ენჯეოებს” სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ისინი პოლიტიკურ გადატრიალებებს აწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მცდელობა ჰქონდათ, ასევე, საქართველოში. უკანონო შემოსავლების ძირითადი წყაროები აშშ-ის პრეზიდენტმა ამხილა და ეს ორგანიზაციები დახურა.
როდესაც ევროკავშირის ბიუროკრატი ხარ და ამ ყველაფრის ფონზე ამბობ, რომ გამჭვირვალობის კანონი (ახლა უკვე ქართული FARA, ამერიკული კანონის იდენტური) მიუღებელია, არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ პირდაპირ მიუღებელია, რადგან ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საჯაროდ გალაშქრება. თუ ადრე ჩვენ გვიწევდა ინფორმაციის კულისებიდან გამოტანა და საზოგადოებისათვის მისი საჯაროდ გაცნობა, ახლა ამას ევრობიუროკრატები თავად აკეთებენ და პირდაპირ გვეუბნებიან – თუ არ გააუქმებ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, კანონს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ; თუ ბაღსა და სკოლაში არ დაუშვებ ლგბტ პროპაგანდას; თუ ყოველ კვირას აღლუმს არ გამართავ რუსთაველზე; თუ არ დააკანონებ კაცების ქორწინებას; თუ ომს არ გამართავ რუსეთთან და გაუმჭვირვალედ არ ჩამარიცხვინებ ფულს, სადაც მე მინდა, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ეს უკვე ჩარევაა და ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტს მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის”, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.



