“ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ.

“საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა.

რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრესსპიკერი და მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის აქციას. ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართველი საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. დღესაც, ვიღაცები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს იგი და შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგ – 2025 წლის ოქტომბერში. და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებითა და სპეკულაციებით, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.