პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ემაარ ჯგუფის“ 6.5-მილიარდიან ინვესტიციასა და რადიკალების მიერ აგორებულ ცრუ ნარატივს ეხმაურება.

“გეთანხმებით, რომ “ემაარ ჯგუფის” ინვესტიციებთან დაკავშირებით საჭიროა საკითხის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები, რომელთაც მეტი და უფრო დეტალური ინფორმაცია აქვთ, უზრუნველყოფენ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას. ეს [ინვესტიცია] არის დადებითი ფაქტი. ბუნებრივია, ამხელა ინვესტიცია – 6.5 მლრდ დოლარი არ არის მცირე თანხა, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩავთვალოთ, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკაში. როგორც ვიცით, არსებობს ვალდებულება, რომ, თუ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით რაიმე იქნება შესაძენი (და, რა თქმა უნდა, იქნება), საჭიროებების შესყიდვა უნდა მოხდეს ქართულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკა ერთიორად ამუშავდება და ესეც ძალიან პოზიტიური მოვლენაა. როგორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაც უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება, ასეთი საკითხი სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს?! რადიკალები ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას სულ სხვა მიმართულება მისცენ და ამ სხვა მიმართულებისკენ წაიყვანონ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მეტი დეტალიზაცია იქნება საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული კუთხით და, დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. საზოგადოებას ეცოდინება, რა შედეგები მოჰყვება ამ პოზიტიურ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.