„ძალიან ვართ მოწოდებული, რომ კვლავაც დავუჭიროთ მხარი საქართველოს კერძო სექტორს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, წელს საქართველოში, სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, მცირე და საშუალო საწარმოებში 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ასე რომ, საკმაოდ აქტიურები ვართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ალკის დრაკინოსმა.

„ამ ეტაპზე ყურადღებას არსებული პროექტების განვითარებასა და მონიტორინგზე ვამახვილებთ. გვაქვს პრიორიტეტები და, შესაბამისად, ვაკვირდებით, სად და რას გავაკეთებთ. ასე რომ, გავაგრძელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტების კვლევასა და განვითარებას.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღევანდელ შავი ზღვის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რომელიც “შუა დერეფანს” ეძღვნება. „შუა დერეფანი” ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველო მის შუაგულში მდებარეობს. მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია, ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში იმისთვის, რომ შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია, გავხადოთ “შუა დერეფანი” რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად.

ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს შეადგენენ, ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში”, – განაცხადა დრაკინოსმა.