„იუნკრები ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ საუკუნის შემდეგ კვლავ საქართველოს სუვერენიტეტი გვექნებოდა დასაცავი ნაცვლიშვილისგან და მთელი ოპოზიციისგან“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე „ლელოს“ წევრის – ანა ნაცვლიშვილის მიერ იუნკრების ხსოვნის დღისთვის “ფეისბუკში” გამოქვეყნებულ სტატუსს.

“დღეს, ალბათ, ოპოზიცია და, მათ შორის, ანა ნაცვლიშვილიც ყელმოღერებული ავა იუნკერთა მემორიალთან და მისი ჩვეული, დამრიგებლური ტონით ჭკუას დაარიგებს სხვას. არადა, სწორედ მისნაირ კომკავშირელებს ებრძოდნენ ჩვენი ახალგაზრდები კოჯორთან. ოპოზიციას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, იქ არ უნდა ადიოდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ვისთვის გაიმეტებ ქვეყანას – წითელი არმიისთვის თუ სხვა ქვეყნისთვის?

არც რუსეთის მსახურებისგან არის შორს ჩვენი ოპოზიცია და არც სხვა ქვეყნის მონობისგან. მათთვის მთავარია, პირადი სარგებელი მიიღონ და რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას რა დაემართება? არ იკადრეს, არ გაუკეთებიათ თუ მომავალშიც დაიხევენ უკან სამშობლოს გაყიდვისგან? სწორედ ამისთვის სურდათ, საქართველო ისევ ომის ცეცხლში გაეხვიათ; სწორედ ამისთვის დარბოდნენ ევროპაში, რომ სტატუსი არ მიგვეღო და სწორედ ამისთვის იბრძვიან ახლაც, რომ დააყოვნონ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მაგრამ, ამაოდ ირჯებიან.

დღეს თუ რამისთვის გვიწევს ბრძოლა, სწორედ ეს არის – ჯერ რუსულ ფულზე და შემდეგ – დასავლეთის მილიონიან გრანტებზე გაყიდული ოპოზიცია ყველაფერს თანხმდება, ოღონდ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და ისევ ისე განაგრძონ ქვეყნის დაქუცმაცება-გაცამტვერება, ადამიანების ხოცვა, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა და კიდევ ბევრი სისაძაგლე, რასაც სჩადიოდნენ. არავის ახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელიც საბოლოოდ დაუკანონეს რუსეთს 2008 წელს.

საუკუნის წინ, იუნკრების იარაღი მტერთან საბრძოლველად იყო ტყვია, დღეს კი ჩვენი იარაღი იგივე და სახეშეცვლილ მტერთან საბრძოლველად არის სიტყვა, რომელიც უფრო მეტად განგმირავს, ვიდრე ტყვია. ჩვენი  ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად მივაღწევთ საქართველოს სრულ სუვერენიტეტს ყველა ქვეყნისგან, ვისი აგენტურაც დღეს ფარისევლურ ცრემლებს დაღვრის “კოჯრის ზარებთან”, ჩამოვლენ და კვლავ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას.

იუნკრების ხსოვნისადმი პატივისცემა არის დღევანდელი ხელისუფლების უპრეცედენტოდ სწორი პოლიტიკა, რითაც, საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს ექნება ნამდვილად სუვერენული უფლებები და ხელშეუხებლობის იმუნიტეტი. სწორედ ამიტომ, თუკი ვინმეს აქვს უფლება, სიამაყით ავიდეს იუნკერთა მემორიალთან, სწორედ “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალაა”, – წერს ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.