„როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“BBC ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-მ, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.