„კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის, BBC-მ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება – კამიტი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება.
იმთავითვე ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: პირველი – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად, და მეორე – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება.
ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით, უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ოფიციალური დემარშით, ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს, უკვე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე, როგორც BBC-ის სიუჟეტი, სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა, ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.


