2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა – 782.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯამურად, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და ასევე რეკორდულ ოდენობას 6,618.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„იმპორტი 2025 წლის ნოემბერში 1.4%-ით შემცირდა და 1,455.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში კი 9.3%-ით გაიზარდა და 16,598.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,237.9 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 9.5%-ით გაიზარდა 23,216.2 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც, ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 %-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1%-ით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.