„პარლამენტმა, როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება, საპილოტე რეჟიმში, დაიწყება უკვე წელსვე“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ.

პრემიერის თქმით, წელს, უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სახელმწიფო სტრუქტურებში ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მე მინდა, ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოვადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და, ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე – კერძო სექტორში“, – განაცხადა კობახიძემ.