„პატარა ერების გადარჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ტრადიციების შენახვისადმი რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა დასავლეთიდან, კერძოდ კი აშშ-დან მომავალ ლგბტქ+ პროპაგანდაზე, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში მასობრივად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის საქართველოსაც.
„ქვეყანა, ერი, საზოგადოება იოლად მართვადია, როცა არ დგას მის ისტორიულ ტრადიციებზე, კულტურაზე, როცა თაობათა შორის ურთიერთობა მოშლილია, მით უმეტეს, როცა ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემები აქვს, ისე, როგორც, სამწუხაროდ, საქართველოს (ქვეყანა მილევად, ანუ მომაკვდავ ერებშია შეყვანილი და ამას სწორი პოლიტიკა სჭირდება).
საფრთხეები უკვე ხილულია საზოგადოებისთვის. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბაიდენი ამბობს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ აშშ-ის სულიერ სიმბოლოს. თუ ოპონენტები ამ დროს იტყვიან, რატომ საუბრობთ აშშ-ზე და არა რუსეთზეო, რუსეთი გასაგებია, რომ ოკუპანტია, ამიტომ სტრატეგიულ პარტნიორად არ აგვირჩევია ის, არამედ აშშ ავირჩიეთ. მაგრამ, უკვე ზღვარს გადადის ლგბტქ+ პროპაგანდა აშშ-დან. ჩვენ მოვისმინეთ, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ საჯარო მოხელეებს ეხებოდა, მაგრამ როგორც წესი, ხშირად საკითხი აშშ-ში იწყება და შემდეგ იოლად გადმოედება ხოლმე ჩვენს რეალობასაც. სახელმწიფო მდივანმა საჯარო მოხელეებს მიმართა, რომ სიტყვათა ხმარებიდან ამოეღოთ: „დედა“, „მამა“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“, „ბატონი“, „ქალბატონი“ და გადასულიყვნენ ე.წ. გენდერულად ნეიტრალურ ტერმინოლოგიაზე. ამის არგუმენტი კი ის იყო, რომ შესაძლოა გენდერული იდენტობა სქესის თანმხვედრი არ იყოსო. ეს სახიფათოდ განვითარებადი პროცესია. დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ამგვარი ტენდენციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.