„დასავლეთის მხრიდან უკრაინის ომის დაფინანსება ავიღოთ. მაშინ ლომის წილი ხარჯებისა აშშ-ზე მოდიოდა. ეს პოლიტიკა შეიცვალა. ამბობენ: “თუ გსურთ დახმარება, მე მზად ვარ, მოგცეთ იარაღი, მაგრამ უფასოდ აღარ მოგცემთ არაფერს”. ძალაგამოცლილი ევროპის ეკონომიკა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, სტაგნაცია სახეზეა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც აღარც ის რესურსია, რაც ომის გასაგრძელებლად არის საჭირო და არც კეთილი ნება ჩანს ომის დასამთავრებლად. აქ ისმის შეკითხვა: რაშია საქმე? რატომ არის ასეთი ხისტი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ომი არ უნდა გაჩერდეს და კიდევ დიდი რესურსი გააჩნიათ, რათა უკრაინას აღმოუჩინონ ომის გაგრძელებაში დახმარება“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“.

„რეალურად, ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული და ათეულობით მილიარდი დოლარია გამქრალი და არ გამორიცხოთ, რომ ამ ხარჯების რევიზია ბევრს შეიძლება არც აწყობდეს, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არა არის, თუ არა აყოლა იმ პროცესისა, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის განვითარება. ხედავთ, რომ ახალი კონცეფცია წამოაყენა – მშვიდობის საბჭო უნდა შეიქმნას, ვინაიდან აშკარაა, რომ იმ უშველებელი რესურსის მიუხედავად, ამერიკის შეეერთებული შტატებმა თუკი არ აიყოლია ის საზოგადოება, რომელსაც ომის გაგრძელება სურს, ამას შეიძლება პოზიტიური შედეგი არ მოჰყვეს.

რაც შეეხება USAID-ისა და NED-ის საკითხს, აქ საგანგებოდ ხაზგასასმელია: რასაკვირველია, სხვადასხვა ასპექტით, მაგრამ პატარა საქართველოსთვის და უშველებელი ზესახელმწიფო აშშ-სთვის ეს არის მნიშვნელოვანი თემა. სხვადასხვა ასპექტით იმიტომ ვამბობ, რომ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება აშშ-ის პოზიცია მხოლოდ იმას არ ითვალისწინებდეს, რომ USAID-ი და NED-ი ჩვენს ქვეყანაში მუდმივად აფინანსებდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაუფარავად გადავიდნენ რევოლუციის მზადების რეჟიმზე. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ აშშ-ს თავისი ხედვა აქვს, გარდა იმისა, რომ არ შეიძლება, სახელმწიფოთა ურთიერთობებს შუაში ჩაუყენო სახელმწიფოში სახელმწიფო, რასაც წარმოადგენდა უშველებელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სისტემა, რომელიც მილიარდების მყლაპავ ორგანიზაციად იქცა და, პრაქტიკულად, არავისგან არანაირი მანდატით არ სარგებლობდა და გადაწყვეტილებებს იღებდა და მიმართავდა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს აყენებდა.
არ მინდა, ილუზია შეგვექმნას, რომ პრაგმატიზმი დაიკარგა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აუქმებენ, რადგან ჩვენ გვაწყენინეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.