“ბანკი ქართუ” “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება.

“ბანკი ქართუ” ეხმაურება “TV პირველის” მიერ გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ სიუჟეტს და ცრუ ბრალდებებს ბანკის მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირისთვის ქონების მიყიდვისა და სესხის გაცემის შესახებ.

„პირიმზის“ შენობის რეალიზაცია მოხდა 2022 წელს. “ბანკი ქართუ” მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრული დაცვით. მათ შორის, შესწავლილ იქნა მყიდველი კომპანია, მისი იმჟამინდელი დამფუძნებელი/ბენეფიციარი/დირექტორი, მოხდა ინფორმაციის საძიებო სისტემებში გადამოწმება. არ არსებობდა ობიექტური გარემოება, რომ ბანკს თავი შეეკავებინა ასეთი ხელშეკრულების დადებისგან. აღნიშნულ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან მიმართებით ბანკმა განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდება “TV პირველის” მხრიდან ბანკის ცილისწამების პირველი შემთხვევა არ არის. ბანკს სასამართლოში შეტანილი აქვს 2 სარჩელი “TV პირველის” წინააღმდეგ, ცილისწამების სხვა ფაქტებზე. მათგან ერთ საქმეზე 2 ინსტანციაში ცილისწამების დავა ბანკს უკვე მოგებული აქვს.

ბანკი აუცილებლად მიმართავს სასამართლოს სარჩელით “TV პირველისა” და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც ბანკის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, მანიპულაციური განცხადებები გააკეთა და დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ბანკი მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთან ურთიერთობაში.

დამატებით აღსანიშნავია, რომ „პირიმზესთან“ მიმართებით “ბანკი ქართუ” წარმოადგენდა დაზარალებულ მხარეს, რაც დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით. სს „პირიმზის“ დამფუძნებლის, დირექტორისა და 2011 წელს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირების შეთანხმებით, მოხდა ბანკისათვის დანაშაულებრივი გზით ზიანის მიყენება”, – ნათქვამია განცხადებაში.