საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედური ანგარიშის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ანგარიშში წერია, ევროკომისია ზეწოლას ახდენდა სოციალურ პლატფორმებზე, რათა ამერიკულ კონტენტზე ცენზურა დაწესებულიყო.
დეპუტატის თქმით, დღევანდელი განცხადებები სწორედ იმას უსვამს ხაზს თუ რამდენ ქვეყანაში მოხდა ჩარევა ევროკომისიის მიერ.
“რასაც ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ბოლო წლების განმავლობაში და რაშიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციაც წამოგვეწია, არაერთი მხილება ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობების, არამარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღევანდელი განცხადებებიც სწორედ იმას უსვამს ხაზს რომ ზუსტად ციფრებით კონკრეტდება თუ რამდენ ქვეყანაში, ნათქვამი იყო 6 ქვეყანაში, 8 არჩევნებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოხდა ჩარევა ევროკომისიის მიერ.
მათი მხრიდან და მათუ ჩარევის შედეგად ციფრულ მიმართულებაში იბლოკებოდა ისეთი პოსტები, ინფორმაციები, რომელიც შეიცავდა ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად: განცხადებები რომ ოჯახი არის დედა, მამა და შვილი, ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა მოხდეს და ა.შ.
შესაბამისად ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ღიად აცხადებდა, რომ არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში არამარტო ციფრული, არამედ პირდაპირი ჩარევები.
ვნახეთ თუ როგორ ერეოდა ევროკავშირის ელჩი თავისი მოწოდებებით, არამარტო ევროკავშირის ელჩი არამედ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თვითონ იღებდნენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წინასაარჩრვნო კამპანიაში მონაწილეობას.
ანგარიშში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, ასევე მტკიცდება რიმ ტრამპის არჩევნებშიც, ევროპის მასშტაბითაც იყვნენ ჩარეული ევროკომისიის შესაბამისი ძალები, რომ რაღაც გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ არჩევნებზე.
ვფიქრობ, ეს დასაწყისია ამ მხილების და კიდევ ბევრ სიურპრიზს ვნახავთ, იმიტომ, რომ ფაქტი ჯიუტია. ჩვენი ქვეყნის მიმართ თუ იყო ასეთი ფაქტები, იგივე ფაქტები ამოტივტივდება ძალიან ბევრ ქვეყანაში”,- განაცხადა შალამბერიძემ.


