„უკრაინაში, ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების ოფიციალური რაოდენობა (საკონტრაქტო სამხედროები თუ მობილიზებულები) 55 000-ს შეადგენს“, – განუცხადა ზელენსკიმ „France 2-ის“ ტელევიზიას წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გავიდა ეთერში.
მანამდე, 2025 წლის თებერვალში „NBC-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკი აცხადებდა, რომ 46 000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო დაღუპული, ხოლო 2024 წლის თებერვალში – 31 000.
რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის შეფასებით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალია.
ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, შეფასებები 100 000-დან 140 000-მდე დაღუპულს შორის მერყეობს.
ამ დროს, როდესაც აბუ-დაბიში ახალი სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ზელენსკიმ დაგმო ის, რასაც მან მოსკოვის მხრიდან ზეწოლის კამპანია უწოდა.
ზელენსკის თქმით, რუსეთს „სურს, უკრაინელებს კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მიაყენოს, რათა ისინი დაეთანხმონ იმას, რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრები „კომპრომისს“ უწოდებენ“, და დაამატა: „რეალურად, ეს კრემლის ულტიმატუმია“.
მოლაპარაკებებს წინ უძღოდა რუსეთის მიერ ამ ზამთარში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე. სამშაბათს რუსეთმა 71 რაკეტა და 450 დრონი გაუშვა, რომლებიც, ძირითადად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა თითქმის -20°C-მდე დაეცა.
ოთხშაბათს, დრონით თავდასხმის შედეგად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.
„თუ ამ ომს წავაგებთ, ძალიან მარტივად — ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დასავლელი მოკავშირეების როლის შესახებ დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ კარგი მეგობრები ვართ… მან დამირეკა და მითხრა, რომ ფიქრობდა რუსებთან დიალოგის განახლებაზე. მან იცის, რას ვფიქრობ. პუტინის ინტერესი ევროპის დამცირებაა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემანუელი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობდეს. თუ უკრაინაში ომი დასრულდება, ეს მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსზე.
თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ევროპელების არ ეშინია“, ზელენსკის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ „ევროპელები შესანიშნავ, უსაფრთხო სამყაროში ცხოვრობდნენ, რომელიც თავად ააშენეს“.
„ევროპა ძალიან დემოკრატიულია… სწორედ ამიტომ ირჩევს უკრაინა ევროპისკენ სავალ გზას“, – თქვა მან და მიანიშნა კიევის ამბიციაზე, რომ 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდეს.
ამის საპირისპიროდ, ზელენსკის აზრით, კრემლს „ეშინია (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ) ტრამპის“, რადგან ამერიკის პრეზიდენტს „ზეწოლის ბერკეტები აქვს ეკონომიკის, სანქციებისა და შეიარაღების კუთხით“.
კიევზე ბოლო დღეებში განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, სამშაბათს ტრამპმა პუტინს „ომის დასრულებისკენ“ მოუწოდა.
დასასრულს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები.
„უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ესმით, რომ ისინი პუტინის შემდეგი მსხვერპლები გახდებიან, თუ რუსეთი წინ წაიწევს“, – აღნიშნა მან.
„ევროპაში ისინი, ვინც ეს გააცნობიერა, უკრაინას ძალიან ეფექტიანად ეხმარებიან… ჩვენ ყველანი ვიბრძვით, რათა დავიცვათ ევროპული ცხოვრების წესი“.
ოთხშაბათს ევროკავშირმა გზა გაუხსნა უკრაინისთვის დამატებითი ბრიტანული წარმოების იარაღის შეძენას, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, რომლის გამოყოფაც 24 წევრ სახელმწიფოს სურს კიევისთვის.
ბლოკის 27 ქვეყანა შეთანხმდა, რომ სქემაში მონაწილეობის უფლება მიეცეთ გარკვეულ არაწევრ სახელმწიფოებსაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, ფინანსური წვლილის სანაცვლოდ.


