„ვფიქრობ, დაცული იქნება ერთგვარი პარიტეტი – როგორც ნატოს მუშტი არ შეიკრა ირანთან საბრძოლველად, ასევე არ შეიკვრება ანტიევროპული ძალების მუშტი და ეს ქვეყნები მიმდინარე პროცესებში მხოლოდ დახმარების დონეზე მონაწილეობით შემოიფარგლებიან“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

რამაზ საყვარელიძემ ირანში მიმდინარე პროცესებში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკიდან გამომდინარე ეს ქვეყნები ირანის ირიბი მხარდამჭერები გამოდიან.

„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რუსეთისა და ჩინეთის დამოკიდებულებასა და რიტორიკას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ქვეყნები ირანის ირიბი მხარდამჭერები არიან. ბუნებრივია, ჩინეთი უფრო მეტად დაინტერესებულია ირანში პრობლემების გადაჭრით, რადგან ინტერესიც მეტი აქვს – შეიძლება ითქვას, ეს ქვეყანა ირანულ ნავთობზე „ზის“ და ნავთობის ფასის ცვლილება პირდაპირ აისახება მის ჯიბეზე. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში პირიქითაა – ნავთობის ფასის ცვლილება რუსეთისთვის შემოსავალია. აქედან გამომდინარე, მათი ინტერესები და მხარდაჭერა ერთნაირი ვერ იქნება. ვფიქრობ, ჩინეთი უფრო გაუწვდის დახმარების ხელს ირანს, ვიდრე რუსეთი. რა თქმა უნდა ირიბ დახმარებას ვგულისხმობ, რადგან ამ ქვეყნების მხრიდან ღია დახმარებას, ან ცოცხალი ძალების ომში ჩართვას, გამოვრიცხავ. ჩინეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანასთან პარტნიორობას არ აპირებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს. ამიტომ ამ პრინციპს ამოფარებული ჩინეთი რომ პროცესებში ღიად არ ჩაერთვება, ნათელია. იგივეა რუსეთის შემთხვევაშიც, რომელიც არც მადუროს „გამოეკიდა“ და შესაბამისად, არც ირანს „გამოეკიდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.