„ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც მთელი არაბული სამყარო ჩართულია ომში, საბრძოლო მოქმედებებია პაკისტანსა და ავღანეთს შორის, 4 წელზე მეტია მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და თავისი სწორი, გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით ქვეყანა ისე გაატარა დანაღმულ ველზე, რომ შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ალბათ ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფურცელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
„ძალიან რთული დროა. ურთულესი პროცესები ვითარდება ჩვენს თვალწინ და ძალიან საშიში ომების მომსწრეები ვხდებით. ეს ომი ძალიან სერიოზულ რისკებს უქმნის ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული მხარეები რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ, რადგან ამ ომის გაგრძელება ზრდის უსაფრთხოების რისკებსა და ომის თეატრის გაფართოების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდის ამ ომს.
ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც მთელი არაბული სამყარო ჩართულია ომში, საბრძოლო მოქმედებებია პაკისტანსა და ავღანეთს შორის, 4 წელზე მეტია მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და თავისი სწორი, გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით ქვეყანა ისე გაატარა დანაღმულ ველზე, რომ შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ალბათ ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფურცელი.
მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი გონიერება და ერთიანობა გვმართებს, რადგან ეს ომები მსოფლიოში, არის აღმავალ პროცესში და სულ უფრო მეტად მწვავდება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ტურიზმის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ამიტომ ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მალე დამყარდეს მსოფლიოში მშვიდობა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


