„სააკაშვილის სიგიჟემ სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, ძალიან კარგად გვახსოვს. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე გაჩნდა პირველი თაობა, რომელსაც ომი არ უნახავს და არც სააკაშვილის რეჟიმის საშინელება გამოუცდია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„ჩემთვის განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ქართველის ცეკვა და ზეიმი. აბსოლუტურად გაუგებარია, გამაოგნებელია, რომ ირანში, ისრაელში ადამიანები იღუპებიან, შავდებიან, შენ კი აქ ზეიმი და ცეკვა-თამაში გაქვს გამართული.
არ ვიცი საიდან გაჩნდნენ ეს ადამიანები, რა მენტალობის, რა ღირებულებების არიან. ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ერი, რომელსაც საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოუცდია ის განსაცდელი, რაც ახლა ირგვლივ ხდება. ამიტომ მეტი დაფიქრებაა საჭირო, მეტი გონიერება.
ბატონმა შალვა პაპუაშვილმა თავის პოსტში პირდაპირ მოიყვანა რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, თუ რას აცხადებდნენ ისინი, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო. ეს იყო პირდაპირი მოწოდებები იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო მომაკვდინებელ ომში, რაც ჩვენ ქვეყანას არათუ დააზიანებდა, არამედ საერთოდ გააქრობდა.
ეს არის აგენტურა, რომელიც ახლა ზეიმობს. მათ უხარიათ ომი, ადამიანების მკვლელობა, მაღალი ფასები, ტურიზმი თუ გაჩერდება, თუ იქნება ეკონომიკური კრიზისი, თუ ვინმე თავს დაგვესხმება, აი ასეთ მენტალობაზე არიან მოწყობილები. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ძალა ჩვენს ქვეყანას უნდა ჩამოშორდეს, განსაკუთრებით პოლიტიკაში“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


